თანამედროვე არქიტექტურა და სტილის სიმარტივე

არქიტექტურის ტიპები ხშირად მიმდინარეობებად კლასიფიცირდება, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ისტორიულ პერიოდთან. 

ასეთია, მაგალითად, მოდერნისტული (იგივე მოდერნული) არქიტექტურა, რომელიც სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს. 

ინდუსტრიული რევოლუციის მიერ ინსპირირებული მოდერნიზმი კულტურული მოძრაობა იყო, რომელმაც მოიცვა მუსიკა, ლიტერატურა, დიზაინი, არქიტექტურა.

ინდუსტრიული რევოლუცია დაახლოებით მე-18 საუკუნის შუა ხანებში დაიწყო და მე-19 საუკუნემდე გაგრძელდა. ამან დიდი კვალი დატოვა ცხოვრების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ თავისებურებებზე.

წარმოების, ტრანსპორტირების, ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ უდიდესი ბიძგი მისცა ყველა ზემო ჩამოთვლილ ხელოვნების დარგს.

კულტურული მიმდინარეობის გავლენით მოდერნული არქიტექტურა მე-20 საუკუნის ბოლოდან დაახლოებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე იყო დომინანტური. მიუხედავად იმისა, რომ მოდერნისტული არქიტექტურის გლობალური ინტერპრეტაციები იცვლებოდა, თითოეული მათგანი იყო პასუხი ტექნოლოგიურ წინსვლაზე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს.

არქიტექტურის თვალსაზრისით წინსვლა აღმოჩნდა რევოლუციური მასალები, როგორიცაა: რკინაბეტონი, თუჯი, მინა. ამ ყველაფერმა იმ პერიოდის არქიტექტორებს საშუალება მისცა თავი დაეღწიათ ისტორიული არქიტექტურული პრეცედენტებისაგან.

თანამედროვე არქიტექტურა და მისი მახასიათებლები

მოდერნისტულისგან განსხვავებით, თანამედროვე არქიტექტურა არ არის მოძრაობა, ან “აზროვნების სკოლა”, რომელიც კონკრეტულ სტილს, ან სტანდარტებს მიყვება. პირიქით, მისი მიზანია იყოს ინოვაციური და არატრადიციული. თანამედროვე არქიტექტურა არ არის ფესვგადგმული რომელიმე დროის მონაკვეთში.

ის მოიცავს როგორც წარსულის, ისე დღევანდელობის დიზაინის ელემენტებს. ზუსტად ეს ელემენტები ცვლიან ჩვენს ურთიერთობას გარემოსთან, რომელშიც ვმუშაობთ, ვცხოვრობთ, ვერთობით.

დღევანდელ სახლებს მრავალი არქიტექტურული სტილის შერწყმა ხდის უნიკალურს. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობებს აქვთ მინიმალური მორთულობა, ღია სივრცეები, დიდი ფანჯრები, მათ ასევე ახასიათებთ თავისუფალი ფორმის კომპოზიცია, რომელიც არ გვხვდება მოდერნისტულ არქიტექტურაში. 

თანამედროვე არქიტექტორები აღარ შემოიფარგლებიან ხაზოვანი ფორმებით, რადგან მათ ახლა აქვთ ინოვაციური მასალებისა და სამშენებლო მეთოდების სრულიად განსხვავებული არსენალი. 

სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, ლაზერული ჭრის ტექნოლოგია და 3D ბეჭდვა უფრო რთული, ზუსტი და უპრეცედენტო ფორმების შექმნის საშუალებას იძლევა.

კომპიუტერული რენდერები მომავლის იდეებს ჰიპერრეალისტურ დეტალებში გამოხატავენ. ის, რაც ოდესღაც წარმოუდგენლად ფუტურისტული და წმინდა კონცეპტუალური ჩანდა, დღეს უკვე შესაძლებელია რეალობაში გადმოიცეს.

შენობების ახალი თაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ლოგიკას, გრავიტაციას, არღვევს დაწესებულ სტანდარტებს, ნელ-ნელა მთელ მსოფლიოს ყველა წერტილში ჩნდება.

თანამედროვე სახლების დიზაინის ერთ-ერთი მახასიათებელია ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია და ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი დიზაინი, რომელიც ერთგვარი პასუხია კლიმატის ცვლილების საგანგაშო მდგომარეობაზე. 

მაგალითად, თანამედროვე სახლები ხშირად აშენებულია ბუნებრივი, გადამუშავებული მასალებისგან. აქ არის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელზეც ხშირად დაფუძნებულია არქიტექტურული დიზაინი.

  • სტილის კომბინაცია
  • თავისუფალი ფორმის კომპოზიცია
  • ასიმეტრიული ელემენტები
  • ღია სართულები
  • დიდი შუშის ფანჯრები
  • შერეული მასალები
  • აქცენტი ბუნებაზე
  • მდგრადი დიზაინი

დიდი ფანჯრები, ბევრი ბუნებრივი შუქი

თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელია შუშის რევოლუციური გამოყენება. დიდი იატაკიდან-ჭერამდე ტიპის ფანჯრები შიგნით უშვებენ ბუნებრივ შუქს, რითაც შიდა და გარე სივრცეებს შორის უწყვეტ კავშირს ქმნიან. 

დიდი ფანჯრების დახმარებით გარე გამწვანების ყველა ელემენტი ფაქტობრივად სახლშიც ინაცვლებს. მინის კარები ქმნის უწყვეტობის განცდას სამზარეულოდან, ან მისაღებიდან გარე საცხოვრებელ სივრცემდე. უამრავი უჩარჩო ფანჯრის შუშა კი მთელ სახლში უფრო სუფთა და ღიაობის განცდას ტოვებს.

გეომეტრიული სიმარტივე

თანამედროვე არქიტექტურაში არის ტენდენცია სიმარტივისა და სუფთა ხაზებისკენ. ეს ხშირად მიიღწევა გეომეტრიული ფორმებით – კუბურები, ცილინდრები, სფეროები, პირამიდები. 

გეომეტრიული ფორმები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკურად სასიამოვნო სტრუქტურების შესაქმნელად.

ნათელი, ჰაეროვანი ინტერიერი

მოვლის სიმარტივისა და დამატებითი სივრცის პოტენციალის გამო. თანამედროვე სახლებს ხშირად აქვთ ბრტყელი სახურავები 

ბრტყელი, გადახურული სახურავები არა მხოლოდ ვიზუალური არჩევანია, არამედ ფუნქციური დატვირთვა აქვს. დახრილი სახურავები ზოგჯერ პრობლემურია, რადგან მათი ფორმის გამო გროვდება წყალი და თოვლი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაჟონვა, ასევე სხვა მრავალი დაზიანება. ბრტყელ სახურავებს ეს პრობლემები არ აქვთ.

თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები და ნაგებობები

სიდნეის ოპერის თეატრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფოტოგრაფირებული შენობა და ავსტრალიის სიმბოლოა. მას გამორჩეულს თეთრი “იალქნები” აქცევს, რომლებიც ტალღების კომპოზიციას ქმნიან.

სიდნეის ოპერის სახლი არის თანამედროვე არქიტექტურის მაგალითი, მაგრამ ის ასევე ექსპრესიონიზმის კატეგორიაშიც გადის. სტილი, რომელიც ბუნებისგან ორიგინალურ უნიკალურ ფორმებს იღებს. ეს არის შესანიშნავი ნიმუში იმისა, თუ როგორ ემთხვევა თანამედროვე არქიტექტურა სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს. 

ბუნებასთან სიახლოვის იდეალური გამოხატულებაა მილანში აშენებული “Bosco Verticale”. პროექტი დაიგეგმა მილანის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში Via De Castilia-სა და Confalonieri-ს შორის Porta Nuova-ში, რომელიც ცნობილია, როგორც ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნეს უბანი. 

მას ეწოდა Bosco Verticale, ანუ  “ვერტიკალური ტყე”, რადგან კოშკებში დარგულია 900 ხე, 5000 ბუჩქი და 11000 მრავალწლიანი მცენარე, რომლებიც ხელს უწყობს დამატებითი ჟანგბადის გამომუშავებას. 

არქიტექტურული ბიომრავალფეროვნების ეს ახალი ფორმატი ფოკუსირებულია არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ადამიანებსა და სხვა ცოცხალ სახეობებს შორის ურთიერთობაზე. 

მწვანე არქიტექტურა ქალაქში ახალ ფრინველებს იზიდავს და მათ დაცულ საცხოვრებელს სთავაზობს. ვერტიკალური ტყის კონცეფცია, რომელიც არის „სახლი ხეებისთვის, სადაც ასევე ცხოვრობენ ადამიანები და ფრინველები“, განსაზღვრავს არა მხოლოდ პროექტის ურბანულ, ტექნოლოგიურ მახასიათებლებს, არამედ არქიტექტურულ ენას და მის ექსპრესიულ თვისებებს.

შენობა თვითკმარია მზის პანელებისა და გაფილტრული ჩამდინარე წყლების მეშვეობით, რომლებიც შენობების მცენარეებს საჭირო რესურსებით უზრუნველყოფენ. 

ინტერიერის მზისგან დაჩრდილვით და მკაცრი ქარის დაბლოკვით შენობაში ზომიერი ტემპერატურა ნარჩუნდება. მცენარეულობა ასევე იცავს შიდა სივრცეებს ხმაურისა და ქუჩიდან წამოსული მტვრისგან.

ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ალბათ, ზაჰა ჰადიდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. წარმოუდგენელი სიმარტივე, კავშირი შენობასა და ლანდშაფტს შორის ამ სტრუქტურას ჰადიდის ერთ-ერთ უდიდეს ნამუშევრად აქცევს. 

გარდა მისი მყისიერად თვალშისაცემი ფორმისა, ჰეიდარ ალიევის ცენტრის დიზაინს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო.

ბაქოს არქიტექტურა, აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროიდან ატარებდა არქიტექტურულ და ურბანულ იდეოლოგიას. 

1991 წელს თავისუფლების მოპოვების შემდეგ, აზერბაიჯანმა დიდი ნაბიჯი გადადგა მოდერნიზებისკენ. ქვეყანამ ინვესტიციები ჩადო არქიტექტურასა და ინფრასტრუქტურაში. ამიტომ, 2007 წლის დიზაინის კონკურსი ჰეიდარ ალიევის ცენტრისთვის შეიცავდა მთავარ ვალდებულებას: შექმნილიყო შენობა, რომელიც იდეალურად გამოხატავდა ერის კულტურას. საბჭოთა წარსული უკან იქნებოდა მოტოვებული, ხოლო ნათელი მომავალი კი თვალსაჩინოდ წარმოჩინდებოდა.

თანამედროვე არქიტექტურა საქართველოში

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მოდერნიზაციის სწრაფ პროცესში ჩაერთო. ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ასპექტი იყო თანამედროვე არქიტექტურის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ქართული არქიტექტურა გამოირჩევა თავისი მორთულ, ფერადი დიზაინით, ქვეყნის ახალი არქიტექტურის დიდი ნაწილი დახვეწილი და მინიმალისტურია. 

ეს ცვლილება ასახავს საქართველოს სვლას უფრო დასავლური ცხოვრების გზაზე და მის მზარდ ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში.

თანამედროვე არქიტექტურა საქართველოში ბევრი საინტერესო ნიმუშითაა წარმოდგენილი. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თბილისის მშვიდობის ხიდი, რომელიც დააპროექტა იტალიელმა არქიტექტორმა მიქელე დე ლუჩიმ. ხიდი მდინარე მტკვარზე გადის და ძველი ქალაქის ცენტრს ახალ ბიზნეს უბანს აკავშირებს. ხიდის სპეციფიკური დიზაინი, მისი მდებარეობა თბილისის ცენტრში აქცევს მას პოპულარულ ადგილად ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის.

თანამედროვე არქიტექტურა თბილისში

თბილისში მზარდი ინტერესია თანამედროვე არქიტექტურის მიმართ, ბევრი ახალი შენობა ჩნდება ქალაქში, რომლებიც თანამედროვე და მოდურია. ეს აშკარა კონტრასტია ძველ, უფრო ტრადიციულ შენობებთან, რომლებიც დომინირებენ ქალაქის პეიზაჟში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანმა უპირატესობა მიანიჭოს არქიტექტურის ძველ სტილს, არ შეიძლება უარვყოთ, რომ ახალი შენობები ქალაქის საინტერესო დამატებაა.

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც თბილისის შუაგულში მდებარეობს. კომპლექსის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა. 

რესტორანი დაპროექტებულია მდინარე მტკვრის პირას არსებულ წყლის მინი წისქვილის ტერიტორიაზე.

მუზეუმ-რესტორანი იდეალურად ჯდება იმ თანამედროვე არქიტექტურის სტილში, რომელიც, ბოლომდე ითვისებს ისტორიას და თანამედროვე ენაზე გადმოსცემს მას. 

კომპლექსური არქიტექტურული დიზაინი იძლევა საშუალებას ლანდშაფტი, ექსტერიერი, ინტერიერი, შიდა ეზო ერთიან სივრცედ იყოს აღქმული. მუზეუმ-რესტორანში  ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით და კომპლექსის თითოეული დეტალით შექმნილია არქიტექტურული შემოქმედებითი სრულიად უნიკალალური იდეა.

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ არქიტექტურული კომპანია Studio9-ს პროექტია, რომლის ავტორიც კომპანიის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე არის. 

არქიტექტურულმა გამოცემა ArchDaily-მ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ გამოცემად ითვლება, “წისქვილი” “2022 წლის საუკეთესო შენობის” ჯილდოზე წარადგინა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე არქიტექტურა საქართველოში, ისტორიულ-კულტურული ტრადიციების ათვისებით, ფეხს უწყობს ქვეყნის მოდერნიზაციის მნიშვნელოვან პროცესს და  ზრდის საკუთარ როლს ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებაში.