ფოთის საკათედრო ტაძარი

ფოთის საკათედრო ტაძარს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია არქიტექტურული სტილის მიხედვით; იგი ბიზანტიურ სტილშია აგებული და წარმოადგენს აია სოფიას ტაძრის თითქმის ზუსტ ასლს, შემცირებული მასშტაბით.

1895 წელს ტაძრის მშენებლობის კომიტეტს ნიკო ნიკოლაძე ჩაუდგა სათავეში, რომელსაც ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება სურდა, მაგრამ პროექტი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა. შემდგომ კი არქიტექტორების ზელენკოსა და მარფელდის მიერ შემუშავებულ იქნა ახალი პროექტი კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით.

ტაძრის მშენებლობა 1906-1907წლებში მიმდინარეობდა. ნიკო ნიკოლაძეს- ქალაქის მერს, თავად შეურჩევია ადგილი ტაძრისათვის ფოთის ცენტრში.

1932 წელს ქალაქ ფოთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკათედრო ტაძრის თეატრად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.

დროთა განმავლობაში შენობის რეკონსტრუქცია რამდენჯერმე მოხდა, რის შედეგადაც ტაძრის იერსახე საკმაოდ შეილახა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიასა და თეატრის დასს შორის დავა დიდხანს გრძელდებოდა, საბოლოოდ კი ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2005 წელს შენობა ეკლესიას გადაეცა.

2005-2012 წლებში, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და აქტიური ჩართულობით განხორციელდა ტაძრის საბოლოო რეკონსტრუქცია. პროექტი ეკუთვნის "სტუდია 9"-ის დამფუძნებელსა და მთავარ არქიტექტორს- მამუკა ჩხაიძეს. რეკონსტრუქციის შედეგად ტაძრის დღევანდელი იერსახე მაქსიმალურ მიახლოვებულია მის ისტორიულ კონტურებთან.