7 ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში 2026 წელს

- თებ 26 / 2026
- 10
ინტერიერის დიზაინში ტენდენციები ხშირად იცვლება, თუმცა 2026 წელი ამ მხრივ განსხვავებული იქნება. როგორც „არქიტექტურული კომპანია სტუდია 9“-ის დაკვირვება აჩვენებს, ადამიანები ინტერიერში მარტივად ჩანაცვლებადი ტენდენციების არჩევის ნაცვლად, სულ უფრო ხშირად იღებენ გააზრებულ და გრძელვადიან გადაწყვეტილებებს. ეს ცვლილება, თავის მხრივ, ფერთა პალიტრაზეც აისახება. თუ აქამდე დიზაინში მკვეთრი და დროებით პოპულარული ფერები ჭარბობდა, ახლა მთავარი აქცენტი მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და იმ ემოციურ კომფორტზე კეთდება, რომელსაც კონკრეტული გარემო ქმნის.
Cloud Dancer
2026 წლის ინტერიერის დიზაინში თეთრი ფერი კვლავ ერთ-ერთ მთავარ ტონალობად რჩება. წამყვანი ადგილი კი Cloud Dancer-ს ეთმობა, რომელიც ტრადიციული, ცივი თეთრისგან რადიკალურად განსხვავდება. ის უფრო თბილი და რბილია, რაც სივრცეში მკაცრ კონტრასტებს ამცირებს და მას უფრო მყუდრო იერს სძენს.
Cloud Dancer-ის გამოყენება რეკომენდებულია მცირე ზომის ბინებში, სადაც სინათლის შენარჩუნება და სივრცის ვიზუალურად გაზრდა პრიორიტეტულია. იმისთვის, რომ ამ ფერში გადაწყვეტილი ინტერიერი ზედმეტად სტერილური არ გამოჩნდეს, სასურველია სხვადასხვა ფაქტურის გამოყენება. მაგალითად, თეთრი კედლების ფონზე ნატურალური ხის დეტალები ან თიხის აქსესუარები გარემოს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შემატებს.
Universal Khaki
ეს ფერი თანდათან ანაცვლებს ცივ ნაცრისფერს, რომელიც წლების განმავლობაში ინტერიერის სტანდარტად მიიჩნეოდა. Universal Khaki თბილ, მიწისფერ ტონებს აერთიანებს და ბუნებრივ მასალებს, ქვასა და გამშრალ ქვიშას ჰგავს.
ინტერიერის დიზაინში ის უნივერსალურ ფერად მიიჩნევა, რადგან შესანიშნავად ეხამება როგორც თანამედროვე, ისე ვინტაჟურ სტილსა და ავეჯს. ის გამოიყენება დიდ სივრცეებში, სადაც კედლებისთვის ნეიტრალური, თუმცა გამოკვეთილი ხასიათის მქონე ფონია საჭირო. ხაკისფერი განსაკუთრებულად უხდება ისეთ ფაქტურებს, როგორებიცაა აგური, ბეტონი ან ნატურალური ქვა.
Silhouette & Warm Mahogany
ბოლო დროს ინტერიერის დიზაინში მუქი ყავისფერი და წითელი ტონები სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. შესაძლოა იფიქროთ, რომ ასეთი მუქი ფერები სივრცეს დაამძიმებს, თუმცა რეალურად ისინი გარემოს ბევრად უფრო მყუდროს ხდის. ეს ეფექტი იმით მიიღწევა, რომ მუქი ტონალობები კედლებსა და კუთხეებს შორის მკვეთრ საზღვრებს აქრობს. შედეგად, იქმნება ერთიანი სივრცე, რომელიც სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდას აჩენს. როგორც წესი, ასეთი ტონები იდეალურია საძინებლებისა და კაბინეტებისთვის, სადაც მშვიდი გარემოს შექმნაა საჭირო.

Hidden Gem და Secret Safari
მუქი და თბილი ტონების პარალელურად, აქტუალობას არ კარგავს მწვანე, თუმცა 2026 წლის პალიტრაში ის უფრო ბაცი და თბილია. მაგალითად, Hidden Gem და Secret Safari არ არის მკვეთრი ტონები, ისინი უფრო მეტად ხავსისა და წყალმცენარეების ფერებს ჰგავს, რომლებშიც ყავისფერი ან ნაცრისფერი ელფერიც შეინიშნება.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფერები დაკავშირებულია ბუნებასთან, მათ თვალებისთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მათი გამოყენება რეკომენდებულია სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში, რადგან ამ ტონებში გადაწყვეტილ გარემოში დასვენება და განტვირთვა ყველაზე სასიამოვნოა.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს სამზარეულოს დიზაინის 2026 წლის ტრენდების შესახებ.
Transformative Teal
ეს ფერი ლურჯისა და მწვანეს შუალედური ტონია, რომელიც ძალიან ჰგავს ზღვის ფერს. ინტერიერში მისი გამოყენება სიმშვიდის და სისუფთავის განცდას აჩენს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია იმ სივრცეებში, სადაც ბევრი ბუნებრივი შუქი შემოდის.
Transformative Teal იდეალურია სველი წერტილებისა და საძინებლებისთვის. ამ ტონში გადაწყვეტილი კედლების ფონზე ოთახი ყოველთვის ნათელი და ვრცელი ჩანს, მაშინაც კი, თუ მას მცირე ზომის ფანჯარა აქვს. მისი შეხამება ღია ფერის ხესთან ან ნაცრისფერ ქსოვილებთან ინტერიერს თანამედროვე იერს სძენს, ხოლო თეთრ ფერთან კომბინაცია სივრცეს სიმსუბუქეს მატებს.
Divine Damson
ლურჯი და მწვანე ტონებისგან განსხვავებით, Divine Damson ინტერიერში მკვეთრ, თამამ აქცენტად გვევლინება. ეს არის მუქი ქლიავისფერი, რომელიც სივრცეს დახვეწილ იერს სძენს და მას ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს. ვინაიდან ფერი საკმაოდ მუქია, მისი გამოყენებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, რათა ოთახი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
როგორც წესი, ამ ტონალობას აქცენტის სახით იყენებენ. მაგალითად, თუ მისაღებ ოთახში ამ ფერის სავარძელს განათავსებთ, ის მომენტალურად მიიქცევს ყურადღებას, სივრცის მთავარ ვიზუალურ წერტილად გადაიქცევა და მთლიან განწყობას შეცვლის. აუცილებელია, რომ ოთახში გამოყენებული დანარჩენი პალიტრა შედარებით მსუბუქი იყოს.
Electric Fuchsia
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პალიტრაში მშვიდი და თბილი ტონები ჭარბობს, მასში Electric Fuchsia-ს სახით მკვეთრი და დინამიკური ფერიც გვხვდება. მისი მთავარი ფუნქცია ნეიტრალურ გარემოში ხალისისა და ენერგიის შეტანაა, ამიტომ ეს ფერი, როგორც წესი, არ არის განკუთვნილი კედლების შესაღებად.
ინტერიერში მისი გამოყენება შესაძლებელია აქცენტების სახით: ნახატებში, დეკორატიულ ბალიშებში, ხალიჩებსა თუ სხვა მცირე ზომის აქსესუარებში. ეს მკვეთრი ტონი მომენტალურად გამოაცოცხლებს სივრცეს, დაარღვევს ერთფეროვნებას და სახლს ინდივიდუალურობას შესძენს.
როგორ მუშაობს ფერების კონცეფციაზე „სტუდია 9“
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პალიტრა მრავალფეროვანია, მათი რეალურ სივრცეში გადმოტანა ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ერთი და იგივე ფერი სხვადასხვა განათების, ფაქტურისა და ოთახის მოცულობის პირობებში განსხვავებულად აღიქმება. „სტუდია 9“-ის გუნდს აქვს საჭირო ცოდნა და 12 წლიანი მულტიდისციპლინური გამოცდილება იმისთვის, რომ ტრენდული გადაწყვეტილებები თითოეული დამკვეთის საჭიროებებს მოარგოს.
ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფერებისა და მასალების სწორ სინთეზს. ეს პროცესი ყოველთვის იწყება კონცეფციის (Moodboard) შემუშავებით, სადაც დამკვეთთან ერთად განიხილება, თუ როგორ მოერგება შერჩეული პალიტრა კონკრეტულ სივრცეს, გემოვნებასა და საჭიროებებს. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, ფერები არა მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის, არამედ ფუნქციურადაც სწორად იქნას გამოყენებული.




