ხელოვნური ინტელექტი არქიტექტურაში – სად გადის ზღვარი ტექნოლოგიასა და შემოქმედებას შორის?

- სექ 4 / 2026
- 8
ხელოვნური ინტელექტი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროებში სულ უფრო და უფრო აქტიურად განიხილება. მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურული სტუდიები – ზოგი ფრთხილად ექსპერიმენტის დონეზე, ზოგი კი უფრო გაბედულად – ნელ-ნელა იყენებენ AI ინსტრუმენტებს.
საქართველოში ეს მიმართულება ჯერ ახალია და ფართოდ არ არის ათვისებული. ეს ბუნებრივია, რადგან ნებისმიერ ტექნოლოგიურ ცვლილებას დრო და დაკვირვება სჭირდება. არქიტექტურული სტუდია ,,სტუდია 9”-ის გუნდის აზრით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი, რადგან ყველასთვის საინტერესოა რეალურად რა სარგებელი მოაქვს ამ ტექნოლოგიას სფეროსთვის და სად გადის ის ზღვარი, სადაც ადამიანის ჩანაცვლება შეუძლებელია.
როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს არქიტექტურაში?
ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის (AIA) მიერ ჩატარებული კვლევა საკმაოდ საინტერესო შედეგებს აჩვენებს. გამოკითხული არქიტექტურული კომპანიების თითქმის 40% ხელოვნურ ინტელექტს უკვე იყენებს ან აქტიურად ცდის სამუშაო პროცესში. თუმცა, მათი მიდგომა პრაგმატულია და ძირითადად იმ დავალებებს ეხება, რომლებიც დიდ დროს და რუტინულ შრომას მოითხოვს.
ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი არქიტექტურაში უფრო დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც მონაცემების დამუშავებაში გამოიყენება. უფრო კონკრეტულად, არქიტექტორები AI-ს იყენებენ შეხვედრების ჩანაწერებისთვის, პროექტის აღწერილობების შესადგენად, ტექსტის რედაქტირებისა და მარკეტინგული მასალების მოსამზადებლად. ეს ყველაფერი პირდაპირ არ არის დაკავშირებული პროექტირებასთან, თუმცა საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს. AI ალგორითმები ამოცანებს წუთებში ასრულებს, რაც სპეციალისტს საშუალებას აძლევს, გამოთავისუფლებული დრო უფრო მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმოს.

რაში ეხმარება AI არქიტექტორს რეალურად?
ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტექნიკური დავალებების შესრულების სისწრაფეა. პრაქტიკაში ეს რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს. ალგორითმებს წარმატებით იყენებენ შენობის ენერგოეფექტურობის გამოსათვლელად და დღის განათების ანალიზისთვის. მაგალითად, სპეციალური პროგრამები წამებში ითვლის, თუ როგორ იმოქმედებს მზის მოძრაობა ოთახის ტემპერატურაზე და ამ მონაცემს წელიწადის დროების ჭრილში აანალიზებს.
ამის თვალსაჩინო მაგალითია ლონდონში მოღვაწე არქიტექტორი თიმ ფუ, რომელიც 2023 წლიდან აქტიურად იყენებს AI-ს თავის პროექტებში. მან სლოვენიის ბლედის ტბაზე დაგეგმარებული ობიექტის შემთხვევაში, სისტემას მიაწოდა ადგილის ტოპოგრაფიის, მზის ტრაექტორიისა და ხედების მონაცემები. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე მოცულობითი ვარიანტი შექმნა. არქიტექტორის შეფასებით, მიღებული შედეგი ადგილობრივ გარემოს ზედმიწევნით ერგებოდა.
კიდევ ერთი სფერო, სადაც ტექნოლოგია დროს ზოგავს, სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებაა. ხელოვნური ინტელექტი ნახაზს არსებულ რეგულაციებთან მომენტალურად ადარებს, სივრცის მინიმალურ სტანდარტებს ადგენს და უსაფრთხოების ზომებს განსაზღვრავს. იელის არქიტექტურის სკოლის ხელმძღვანელის მოადგილე, ფილიპ ბერნშტაინი, სწორედ ამ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ სარგებელზე საუბრობს. მისი თქმით, სპეციალური პროგრამები შენობის საინფორმაციო მოდელს აანალიზებს და ნორმების დარღვევის შესაძლო ადგილებს აიდენტიფიცირებს, რაც რუტინულ პროცესებს ამარტივებს და უსაფრთხოებასაც ზრდის.
ამასთან ერთად ხელოვნური ინტელექტი ინტერიერის დიზაინში ავეჯისა და სხვა აქსესუარების განლაგების ათობით ვარიანტს სწრაფად აგენერირებს. ეს პროცესი, რომელსაც ადამიანი რამდენიმე დღეს ან კვირას უნდება, ტექნოლოგიის დახმარებით ბევრად მოკლე დროში სრულდება.
სად ვერ ანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანს?
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მონაცემებს შესანიშნავად ამუშავებს, ის შემოქმედებით პროცესში ადამიანს ვერ ცვლის. არქიტექტურა მხოლოდ ციფრებისა და გეომეტრიული ფიგურებისგან არ შედგება – ეს არის სფერო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს იმ გარემოზე, სადაც ადამიანებმა უნდა იცხოვრონ და თავი კომფორტულად იგრძნონ. სწორედ შემოქმედებით ნაწილში ჩანს ტექნოლოგიის ყველაზე მკაფიო შეზღუდვები.
ამ მიმართულებით, ფილიპ ბერნშტაინი განმარტავს, რომ დღევანდელი ინსტრუმენტები გამოსახულებას ქმნის იდეალურად, თუმცა არ მუშაობს შენობის რეალურ სტრუქტურაზე. მაგალითად, სისტემა ქმნის ლამაზ სურათს, თუმცა მას არ შეუძლია სართულებს შორის სიმაღლის შეცვლა ან ფასადის დეტალის კორექტირება.
Apple-ის კვლევითი ჯგუფის ბოლო ნაშრომი ამ თემას კიდევ უფრო ფართო ჭრილში განიხილავს. კვლევის მიხედვით, AI-ის თანამედროვე მოდელები რეალურად არ აზროვნებს, ისინი მხოლოდ შაბლონებს ცნობს და აერთიანებს. არქიტექტორი კი პროექტში დებს ემოციას და ითვალისწინებს იმ ნიუანსებს, რომლებსაც ალგორითმი ვერ აღიქვამს. ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს ინტუიცია და ის ვერ გრძნობს დამკვეთის ინდივიდუალურ ხასიათს. ამრიგად, ადგილის გააზრება, კონცეფციის ჩამოყალიბება და ინტერიერის დიზაინის დაგეგმვა ისე, რომ მფლობელის ინტერესებს მოერგოს, მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია.
ამას ემატება ჰომოგენურობის პრობლემაც. ArchDaily-მ და Ulises Design Studio-მ ერთობლივი კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც AI-ს საცხოვრებელი სახლების დიზაინის შექმნა სხვადასხვა ქვეყნებისთვის სთხოვეს. შედეგები კი თითქმის იდენტური იყო. ამრიგად, დადგინდა, რომ ხელოვნური ინტელექტი იყენებს თავის ბაზებში ყველაზე ხშირად განმეორებად მონაცემებს და მათგან საშუალო შედეგს ქმნის, რომელიც არ ერგება კონკრეტულ კლიმატს, ადგილსა და ტრადიციებს. მრავალფეროვნების მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პროცესში ადამიანი ჩაერთო და სისტემას მკაფიო ლოგიკური მითითებები მისცა.

რას ნიშნავს საერთაშორისო გამოცდილება ქართული არქიტექტურული ბაზრისთვის?
ხელოვნური ინტელექტი არქიტექტურაში ყველაზე ეფექტურად გამოიყენება იქ, სადაც რუტინული ამოცანებია შესასრულებელი. თუმცა, შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ადგილის გააზრებასა და ინდივიდუალური სივრცის დაგეგმვას გულისხმობს, კვლავ იმ მიმართულებად რჩება, სადაც ადამიანის ჩართულობა შეუცვლელია.
ქართული ბაზრისთვის ტექნოლოგიებისა და ადამიანური გამოცდილების ბალანსი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან აქ არქიტექტურულ გარემოს თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც კლიმატურ პირობებს, რთულ რელიეფს და მშენებლობის ადგილობრივ სტანდარტებს უკავშირდება. მაგალითად, თბილისის ძველი უბნების განაშენიანებას ან მთიანი რეგიონების ლანდშაფტის გათვალისწინებას მხოლოდ ადგილობრივი კონტექსტის მცოდნე სპეციალისტი შეძლებს.
„სტუდია 9″ ამ მიმართულებით აქტიურად ადევნებს თვალს საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიის 12 წლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა, ახალი ტექნოლოგიები გააზრებულად იქნას გამოყენებული მხოლოდ იქ, სადაც ისინი პროცესს ამარტივებს და ხარისხს ზრდის. შემოქმედებითი პროცესი კი კვლავ პროფესიონალი არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების პასუხისმგებლობად რჩება.




