მრავალფუნქციური შენობა ქუთაისში
პროექტის შესახებ
ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ კვანძში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთასთან, შევასრულეთ თანამედროვე, მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული დაპროექტების სამუშაოები. ტერიტორიის რთულმა კონფიგურაციამ და იმ ფაქტმა, რომ ობიექტი სამი მხრიდან საჯარო სივრცეებითაა გარშემორტყმული, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის არქიტექტურულ ხასიათზე. პროექტის მთავარი მიზანი შენობის ქალაქის ურბანულ ქსოვილში ორგანული ინტეგრაცია იყო.
შენობა დაპროექტებულია ორ მიწისზედა დონეზე. პირველ სართულზე გათვალისწინებული ანტრესოლი ზრდის სივრცის მოცულობას და მას მეტ ფუნქციურ მრავალფეროვნებას ანიჭებს. ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე, პროექტი მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომსაც, რაც ობიექტის შეუფერხებელ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
არქიტექტურული ხაზი ინდუსტრიული სიმტკიცისა და თანამედროვე ელეგანტურობის ბალანსს ეყრდნობა: მონოლითური რკინაბეტონის კარკასი ჩრდილოეთ ნაწილში შერწყმულია ლითონის კონსტრუქციულ ელემენტებთან. ფასადის მოსაპირკეთებლად შერჩეულია მაღალი ხარისხის, ნესტგამძლე დეკორატიული ბათქაში ბეტონის ფაქტურით, რომელსაც ალუმინის ვიტრაჟული მინა ავსებს. მასალების ეს კომბინაცია ქმნის მინიმალისტურ, დახვეწილ ესთეტიკას, რომელიც სრულად პასუხობს შენობის მრავალფუნქციურ დანიშნულებას.
- მდებარეობა / ქუთაისი
- სტატუსი / დასრულებული







