კონტაქტი Eng

5 ცნობილი შენობა, რომელმაც არქიტექტურაზე განსაკუთრებულად დიდი გავლენა მოახდინა

5 ცნობილი არქიტექტურა საინტერესო და ლამაზი ვიზუალით
  • სექ 28 / 2026
  • 49

არქიტექტურას, ნებისმიერი სხვა სფეროს მსგავსად, თავისი პრინციპები აქვს: პროპორცია, სიმეტრია, ლოგიკა და რაციონალურობა. ეს წესები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, მათ ასწავლიდნენ არქიტექტურულ სკოლებში და დღეს სწორედ ისინი განსაზღვრავს იმას, თუ რა მიიჩნევა სტანდარტად. თუმცა, არსებობს ნაგებობები, რომელთა შემქმნელებმა ეს წესები განგებ დაარღვიეს და ამით სფეროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. 

 

ამ ბლოგში ,,სტუდია 9″-ის გუნდი მკითხველს იმ ხუთი ნაგებობის შესახებ უამბობს, რომლებმაც თავიანთ ეპოქაში მოცემულობა და წარმოდგენები არქიტექტურაზე ფუნდამენტურად შეცვალა. 

Habitat 67

XX საუკუნის შუა პერიოდში მრავალბინიანი სახლები ბეტონის მასიურ ნაგებობებთან, ერთფეროვან კორპუსებთან, ვიწრო ფანჯრებთან და საერთო შესასვლელებთან ასოცირდებოდა. ეს იყო დამკვიდრებული მოდელი, რომლის თანახმადაც კომფორტი მხოლოდ კერძო სახლის პრივილეგიად მიიჩნეოდა. ისრაელში დაბადებულმა არქიტექტორმა, მოშე საფდიმ, ეს მიდგომა გამოწვევად მიიღო და მონტრეალში Habitat 67 დააპროექტა.

საფდის ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ შეექმნა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელშიც კერძო სახლის მსგავსი პირობები იქნებოდა. მისი აზრით, კორპუსის დაპროექტებაც შეიძლებოდა ისე, რომ ყველა ბინას საკუთარი ეზო და დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონოდა, სამივე მხრიდან კი შიგნით მზის სინათლეს შეეღწია. 

Expo 67-ის ფარგლებში ამ იდეით ინსპირირებულმა შექმნა კომპლექსი, რომელიც 353 იდენტური, წინასწარ დამზადებული ბეტონის კუბისგან შედგება და ისინი ერთმანეთზე ქაოსურადაა განლაგებული. 

Sydney Opera House

1957 წელს დანიელმა არქიტექტორმა, იორნ უტზონმა, სიდნეის საოპერო თეატრის დასაპროექტებლად გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. მართალია, ჟიურიმ მისი ნიჟარისებრი გადახურვის იდეა მომხიბვლელად მიიჩნია, თუმცა პროექტის რეალიზება მაშინდელი ტექნოლოგიებით თითქმის შეუძლებელი ჩანდა. სპეციალისტებს არ ჰქონდათ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა აეგოთ ამ მასშტაბისა და მსგავსი მოხაზულობის მზიდი კონსტრუქცია.

 

უტზონმა ამ რთული ამოცანის გადაჭრის გენიალურ გზას მიაგნო და გამოსავალი სფერულ გეომეტრიაში იპოვა. მან გააცნობიერა, რომ თითოეული ნიჟარა შეიძლება განიხილოს, როგორც ერთი და იმავე რადიუსის მქონე გიგანტური სფეროს ნაწილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ თითოეულ მათგანს იდენტური სიმრუდე ჰქონდა, რამაც ინჟინრებს კონსტრუქციის დასამზადებლად ერთიანი გამოთვლებისა და სტანდარტული ყალიბების გამოყენების შესაძლებლობა მისცა.

 

2007 წელს იუნესკომ სიდნეის საოპერო თეატრი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის XX საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუში, რომელიც არქიტექტურულ ფორმასა და კონსტრუქციულ ინოვაციას აერთიანებს.

ცნობილი-არქიტექტურა სიდნეის ოპერა, ჰაბიტ 67 და მოცეკვავე სახლი

Dancing House

პრაღის ცენტრში, XVIII-XIX საუკუნეების შენობებს შორის, დგას ნაგებობა, რომელიც ორ მოცეკვავე ფიგურას წააგავს. მისი ავტორები ფრენკ გერი და ვლადო მილუნიჩი არიან. 

მეორე მსოფლიო ომამდე ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი იდგა, რომელიც 1945 წელს, დაბომბვის შედეგად განადგურდა. 1992 წელს ჰოლანდიურმა კომპანიამ, Nationale-Nederlanden-მა, ტერიტორია შეიძინა და გადაწყვიტა, არქიტექტურულად გამორჩეული ახალი შენობები აეშენებინა. ეს არქიტექტურული ნიმუში ორი შენობისგან შედგება, ესენია: ბეტონის კონსტრუქციის მქონე ,,ფრედი” და მინის კოშკი ,,ჯინჯერი”. 

,,ჯინჯერის“ რთული გეომეტრიის დახაზვა ტრადიციული ხელსაწყოებით შეუძლებელი იყო, ამიტომ გერის გუნდმა პროგრამა CATIA გამოიყენა, რომელიც მანამდე მხოლოდ ავიაციაში იყო დანერგილი. შენობამ თავიდანვე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და მას „მთვრალი სახლიც“ კი შეარქვეს, თუმცა დროთა განმავლობაში ის პრაღის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.

Guggenheim Museum Bilbao

1990-იან წლებში ბასკეთის რეგიონის ინდუსტრიული ცენტრი, ბილბაო, მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. 1991 წელს ადგილობრივმა მთავრობამ სოლომონ გუგენჰაიმის ფონდს თანამშრომლობა და მუზეუმის მშენებლობა შესთავაზა, რაც ქალაქის მასშტაბური განახლებისა და ურბანული დაგეგმარების ნაწილი გახდა. არქიტექტორმა ფრენკ გერიმ შენობა მდინარე ნერვიონის სანაპიროზე, ძველი პორტის ტერიტორიაზე განათავსა. პროექტი ტიტანის, კირქვისა და მინის სინთეზია, რომელიც ნებისმიერი ხედვის კუთხიდან განსხვავებულად აღიქმება.

შენობის შიდა სივრცეში 50-მეტრიანი ატრიუმი 19 გალერეას აკავშირებს. მათგან ათი კლასიკური, მართკუთხა გეგმარებისაა, ხოლო დანარჩენი ცხრა მრუდხაზოვანი ფორმებით გამოირჩევა. ასეთი რთული კონსტრუქციების ზუსტი გათვლა ხელით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამიტომ გერიმ საავიაციო ინჟინერიაში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა, CATIA გამოიყენა.

მუზეუმის გახსნამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან პირველ სამ წელიწადში მას 4 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. შედეგად, მიტოვებული ქარხნები კულტურულ კერებად იქცა, სანაპირო ზოლი გამწვანდა და ქალაქმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ბერლინის უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა საღამოს განათებით.

CCTV Headquarters

ჰოლანდიელმა არქიტექტორმა, რემ კოლჰასმა, პეკინში ეჭვქვეშ დააყენა ცათამბჯენის ტრადიციული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შენობის მთავარი ღირებულება მხოლოდ მისი სიმაღლეა. თავის 2003 წლის ნაშრომში „Content“, კოლჰასი ამტკიცებდა, რომ მაღლივი შენობების ტიპური ფორმები უკვე კლიშედ იყო ქცეული. ამიტომ, როდესაც 2002 წელს მისმა ბიურომ (OMA) ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის შტაბ-ბინის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, მუშაობისას მან ეს ახალი არქიტექტურული ხედვა გამოიყენა. 

ნაგებობა ორი დახრილი კოშკისგან შედგება, რომლებიც ზედა ნაწილში 75-მეტრიანი კონსოლური სექციით უკავშირდება ერთმანეთს. კოშკების სიმაღლე 234 მეტრს აღწევს. შენობის ფასადზე სამკუთხა ფოლადის ბადეა განთავსებული და იქ, სადაც ძალების კონცენტრაცია ინტენსიურია, ბადე შესამჩნევად ხშირი და მჭიდროა. 

აღსანიშნავია, რომ ორი კოშკის შეერთების პროცესი მკაცრად განსაზღვრულ ტემპერატურულ პირობებში წარიმართა. ეს სამუშაოები მხოლოდ მაშინ მიმდინარეობდა, როცა ორივე კონსტრუქციას იდენტური ტემპერატურა ჰქონდა და ლითონის თერმული გაფართოება შეერთების სიზუსტეზე გავლენას არ მოახდენდა. 

„სტუდია 9“-ის გუნდისთვის ეს მაგალითები შთაგონების წყაროა, რადგან მათი შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი არქიტექტურა ინოვაციისა და გაბედული ხედვების ერთიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ეს პროექტები სკეპტიციზმს იწვევდა, დღეს ისინი თანამედროვეობის სიმბოლოებად იქცა და დაადასტურა, რომ არქიტექტურაში შედევრები მაშინ იქმნება, როცა ფორმა, ფუნქცია და კრეატივი საზღვრებში არ ექცევა.

უფრო ბევრი სტატია

ყველა
ყველა
Innovative architecture design meeting at Studio 9 with diverse team collaborating on plans.
რჩევები დამწყებ არქიტექტორებს
  • დეკ 24 / 2025
  • 379
რჩევები დამწყებ არქიტექტორებს
Eco-friendly green house with wooden accents, large windows, surrounded by trees, modern sustainable architecture.
  • იან 5 / 2026
  • 496
მწვანე არქიტექტურა და მისი უპირატესობები
არქიტექტურული კომპანიის შერჩევის ფაქტორები
  • თებ 17 / 2026
  • 306
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული კომპანია თქვენი პროექტისთვის
მამაკაცი მუშაობს თანამედროვე არქიტექტურულ პროექტზე ოფისში.
  • სექ 4 / 2026
  • 53
ხელოვნური ინტელექტი არქიტექტურაში – სად გადის ზღვარი ტექნოლოგიასა და შემოქმედებას შორის?
ფოთის არქიტექტურული განვითარება – კვლევის ფაზა
  • დეკ 24 / 2025
  • 357
ფოთის არქიტექტურული განვითარება – კვლევის ფაზა
მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სახლის ექსტერიერი.
  • სექ 14 / 2026
  • 42
ექსტერიერის დიზაინის ტენდენციები 2026 წელს – რა იცვლება და რატომ?