ხე ინტერიერის დიზაინში: როგორ შევუხამოთ სხვადასხვა ფერი და ფაქტურა

- აგვ 31 / 2026
- 10
ინტერიერის დიზაინში ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა 2026 წელსაც ხე იმ უალტერნატივო მასალად რჩება, რომელიც ნებისმიერ სივრცეს ხასიათს, სითბოსა და ავთენტურობას სძენს. მიუხედავად მისი პოპულარობისა, ხის სხვადასხვა ელემენტის ერთ სივრცეში ჰარმონიულად მოქცევა ერთ-ერთი ყველაზე რთული დიზაინერული გამოწვევაა. არასწორად შერჩეულმა ტონალობებმა შესაძლოა ვიზუალური ქაოსი შექმნას, სწორი კომბინაცია კი გარემოს სრულყოფილ და მოწესრიგებულ იერს აძლევს.
სწორედ ამიტომ, არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილავს იმ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია ბალანსის დასაცავად, აქცენტების გამოსაკვეთად და ხის მასალების გამოყენებით სივრცის მთლიანობის შესაქმნელად.
ხის მასალების თბილი და ცივი ტონები
ინტერიერში ჰარმონიული და მოწესრიგებული გარემოს შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია ხის მასალების ტონალობის განსაზღვრა. ხის ყველა ჯიშს თავისი ბუნებრივი ელფერი აქვს, რომელიც პირობითად ორ ჯგუფად, ცივ და თბილ ტონებად იყოფა. თბილ ტონებს მიეკუთვნება მუხა, კაკალი და ალუბალი. მათ მოყვითალო, მოყავისფრო ან მოწითალო შეფერილობა დაჰკრავს. ცივ ტონებში კი ნაცრისფერი მუხა, იფანი, ნეკერჩხალი ან სპეციალური წესით დამუშავებული ხის ზედაპირები ერთიანდება.
ვიზუალური ქაოსის თავიდან ასაცილებლად სასურველია, რომ სივრცეში გამოყენებული ხის ყველა ელემენტი ერთ ტონალობის იყოს. მაგალითად, თუ იატაკი ცივი, ნაცრისფერი ელფერის მქონე მასალითაა მოპირკეთებული, მასთან თბილი და მოწითალო ხის ავეჯის შეხამება არ არის რეკომენდებული. ამ დროს უმჯობესია არჩევანი ღია ფერის არყის ხეზე ან ისეთ მასალაზე შეჩერდეს, რომლის ტონიც ცივია.

ინტერიერში გამოიყენეთ კონტრასტები და გამოყავით დომინანტი მასალა
ტონალობების შერჩევასთან ერთად, ინტერიერში აუცილებელია კონტრასტის გამოყენებაც. ერთი და იმავე ტონალობის ფარგლებში მუქი და ღია ფერები ისე უნდა შეეხამოს ერთმანეთს, რომ სივრცე უფრო მრავალფეროვანი და დინამიკური გახდეს. მაგალითად, თუ მისაღებ ოთახში ღია ფერის მუხის იატაკია დაგებული, მასზე მუქი კაკლის ჟურნალის მაგიდის განთავსება აქცენტებს სწორად გადაანაწილებს, მნიშვნელოვან ელემენტებს გამოკვეთს და გარემოს არ გადატვირთავს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია დომინანტი მასალის გამოყოფა, რადგან ინტერიერში ხის ყველა ელემენტი თანაბარი მნიშვნელობის ვერ იქნება. როგორც წესი, წამყვან როლს დიდი ზედაპირები, მაგალითად, იატაკი ან სამზარეულოს კარადები, ითავსებს. სხვა დეტალები კი, როგორებიცაა მცირე ზომის თაროები, ჩარჩოები ან ავეჯი, სივრცეში მხოლოდ აქცენტის სახით ჩნდება.
ინტერიერის დიზაინში გამოიყენეთ განსხვავებული ფაქტურები და კედლებისთვის შეარჩიეთ ნეიტრალური ფერები
ფერების გარდა, ხის მასალების შეხამებისას დიდ როლს თამაშობს ზედაპირის დამუშავების სტილი. მაგალითად, გლუვ და პოლირებულ ზედაპირს ინტერიერში სულ სხვა ხასიათი შეაქვს, ვიდრე უხეშ და ბუნებრივ ტექსტურას. მათი შეხამება საუკეთესო შედეგს მაშინ იძლევა, როდესაც გლუვი ზედაპირი დაუმუშავებელი ხის ფონად გამოიყენება.
ინტერიერში ხის მასალების გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კედლის ფერსაც. იდეალურად მიიჩნევა ნეიტრალური ფერები, მაგალითად, თეთრი, კრემისფერი ან ღია ნაცრისფერი. ჩამოთვლილი ტონალობები ყურადღებას არ იქცევს და მთავარ აქცენტად ხეს წარმოაჩენს. ამ მიდგომის გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როცა ინტერიერში ხის რამდენიმე განსხვავებული სახეობის გამოყენება იგეგმება. ნეიტრალური ფონი სხვადასხვა ფაქტურას ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ სივრცეში წესრიგი და მთლიანობა ნარჩუნდება.

სად გამოიყენოთ თბილი ან ცივი ტონალობის ხის მასალები?
თბილი ტონალობის ხის მასალები საუკეთესოა იმ სივრცეებისთვის, სადაც სიმყუდროვის შექმნაა პრიორიტეტული. მათი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია დიდ ოთახებში, რადგან თბილი ელფერები სივრცეს უფრო კომფორტულს ხდის.
ცივი ტონალობის ხეს მაშინ იყენებენ, როდესაც მიზანი თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინის შექმნაა. ამასთან, ცივი ტონალობის მასალები სივრცეს ვიზუალურად უფრო ვრცელს აჩენს.
პროფესიული დაგეგმარების როლი ხის მასალების შერჩევისას
მიუხედავად თეორიული ცოდნისა, პრაქტიკაში ხის ფაქტურების სწორი სინთეზი ხშირად დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. მასალების შერჩევისას აუცილებელია არა მხოლოდ მათი ფერის, არამედ განათებით მათი ეფექტის ცვლილების გათვალისწინებაც. სწორედ ამიტომ, ,,სტუდია 9″-ში ინტერიერის დიზაინზე მუშაობა ყოველთვის სივრცის დეტალური ანალიზით იწყება.
კონცეფციის შექმნის ეტაპზე გამოიყენება ე.წ. Moodboard-ები, სადაც სხვადასხვა მასალის ნიმუშები და მათი კომბინაციები განიხილება. ეს საშუალებას იძლევა, რომ შეცდომები ჯერ კიდევ დაპროექტების ფაზაში იქნას აცილებული. გარდა ამისა, იქმნება 3D ვიზუალიზაცია, რომელიც ზუსტად აჩვენებს თუ როგორი იქნება შერჩეული ხის იატაკი, ავეჯი, სხვა ელემენტები და განათება ერთად.



