ArchDaily-ის 2022 წლის საუკეთესო შენობის ნომინანტი
პროექტის შესახებ
რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია “ArchDaily”-ის ჯილდოზე- 2022 წლის საუკეთესო შენობა
რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული გამოცემა “ArchDaily”-ის ჯილდოზე- 2022 წლის საუკეთესო შენობა.
რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“-ის გამორჩეული პროექტია. პროექტის ავტორია კომპანიის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე.
რესტორანი წისქვილი მდებარეობს ქ. თბილისში, ა. ბელიაშვილის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე 6607 კვ.მ ტერიტორიაზე. კომპლექსის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო. რესტორანი დაპროექტდა მდინარე მტკვრის სანაპიროზე რეალურად არსებული წყლის მინი წისქვილის ტერიტორიაზე.
რესტორანი წისქვილი არის ერთგვარი არქიტექტურის ენით გადმოცემული ისტორია და თანამედროვეობა. პროექტის კონცეფციაში ჩადებულია არქიტექტურული გადაწყვეტის კომპლექსურობა: ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენა, მისი ერთიანი აღქმა. არქიტექტორის ამ მიდგომით ექსტერიერიდან აღიქმება ინტერიერი და პირიქით. მუზეუმ-რესტორანში ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით და კომპლექსის თვითოეული დეტალით შექმნილია არქიტექტურული შემოქმედებითი იდეა და მისი გადაწყვეტა.
რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ასევე ნომინირებულია ევროკავშირის მის ვან დერ როეს 2022 წლის პრიზზე, ნომინაციაში- თანამედროვე არქიტექტურა.
„წისქვილის“, როგორც გამორჩეული არქიტექტურული პროექტის წარმატება და აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ კონკრეტული ბიზნეს ობიექტისთვის და მისი ავტორისთვის, არამედ მთლიანად ქართული ჰორეკა სექტორისთვის.
